როდესაც ვებ პლატფორმების ვარიანტებს იკვლევთ, აუცილებლად წააწყდებით WordPress-ს, რომელიც ძალიან პოპულარულია და მრავალი ვებსაიტია შექმნილი ამ ძრავაზე.
თუმცა, პოპულარობის გარდა აუცილებელია იცოდეთ, თუ რა არის ის, როგორ მუშაობს, რა დადებითი თუ უარყოფით მხარეები აქვს და შეესაბამება თუ არა თქვენს მოთხოვნებს.
WordPress არის კონტენტის მართვის სისტემა (CMS), რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ბლოგ პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა. დღეს კი შესაძლებელია კომპლექსური საიტების შექმნა.
თავის არსში, WordPress არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გაძლევთ საშუალებას შექმნათ და მართოთ კონტენტი, ააწყოთ საიტის ვიზუალი, დაამატოთ ფუნქციები და ა.შ.
როგორ მუშაობს WordPress

WordPress-ის ბირთვი აგებულია PHP პროგრამირების ენაზე და მონაცემთა ბაზებისთვის იყენებს MySQL-ს. ეს არის კლასიკური CMS, რომელიც გაძლევთ საშუალებას შექმნათ გვერდები, სტატიები, სისტემის მომხმარებლები და ა.შ.
კონტენტის მართვა გამოყოფილია დიზაინისგან და ფუნქციებისგან, რომლის იმპლემენტაცია თემების და პლაგინების საშუალებით ხდება, რის შინაარსსაც ქვემოთ ავხსნი.
უფრო მარტივ ენაზე, ვებ ჰოსტინგზე ინსტალაციის შემდეგ თქვენ გექნებათ სრულყოფილი ადმინ პანელი CMS ფუნქციონალით. ასევე, შეძლებთ ააწყოთ საიტის დიზაინი, დაამატოთ ფუნქციები და სხვ.
ანუ, ერთად არის გაერთიანებული მთლიანი ვებსაიტის შექმნის და მართვის ფუნქციონალი, რაც მას ძალიან მოსახერხებელ ხელსაწყოდ აქცევს საიტის შესაქმნელად.
თემები: ვებსაიტის ვიზუალი
თემა (Theme) WordPress-ში აკონტროლებს ვებსაიტის იერსახეს და დიზაინს. მისი საშუალებით განისაზღვრება ელემენტების განლაგება, ფერები, ტიპოგრაფია, ნავიგაცია და სხვა ვიზუალური დეტალები.
არსებობს უამრავი უფასო თუ ფასიანი თემა და ასევე, თემის სხვადასხვა ტიპი – მზა, Classic, Block ან ხელით დაწერილი თემები. ყველა ტიპს გააჩნია გარკვეული დადებითი და უარყოფითი ფუნქციები და არჩევისას აუცილებელია სხვადასხვა დეტალების გააზრება.
თემების საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ ააწყოთ როგორც მარტივი, Landing ტიპის გვერდი ასევე უფრო კომპლექსური ბიზნეს საიტი, კურსების პლატფორმა, ონლაინ მაღაზია და ა.შ.
გარდა თემებისა, საიტის დასამზადებლად ძალიან კარგი ვარიანტია Page Builder, რომელიც გაცილებით მოქნილი ხელსაწყოა და ამარტივებს ვებ პლატფორმის შექმნას.
პლაგინები: ვებსაიტის ფუნქციები
პლაგინი (Plugin) არის დამატებითი პროგრამული კომპონენტი, რომლებიც აფართოებენ WordPress-ის შესაძლებლობებს და ფუნქციონალს. თემების მსგავსად, არსებობს უამრავი უფასო და ფასიანი პლაგინი და მათი ინსტალაცია სამართავი პანელიდან არის შესაძლებელი.
მათი საშუალებით შესაძლებლობა გეძლევათ დაამატოთ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა საკონტაქტო ფორმები, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის ინსტრუმენტები, უსაფრთხოების ხელსაწყოები, ელ. კომერციის ფუნქციები და მრავალი სხვა.
მნიშვნელოვანი დეტალი WordPress პლაგინებთან მიმართებაში არის ის, რომ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ის რომელიც გჭირდებათ და არ გადატვირთოთ ზედმეტი, გამოუყენებელი პლაგინებით.
WordPress-ის ინსტალაცია, განახლებები და დაცულობა

თვითონ WordPress ძრავა უფასოა, თუმცა, ინსტალაციისთვის საჭიროა ვებ ჰოსტინგი შეძენა, სადაც განთავსდება სისტემის ფაილები და მონაცემთ ბაზა. არსებობს უამრავი სპეციალური ჰოსტინგი, რომლებიც მარტივ ინსტალაციას გვთავაზობენ.
ასევე, LocalWP-ის გამოიყენოთ, შეგიძლიათ თქვენს კომპიუტერში დააყენოთ სრულყოფილი WordPress და გამოიყენოთ შესასწავლად, ტესტირებისთვის ან საიტის ასაწყობად, რომელსაც შემდეგ სერვერზე გადაიტანთ.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ WordPress-ის, თემების და პლაგინების განახლებები. ისინი ყოველთვიურად გამოდის და აუცილებელია ყველა თემის, პლაგინის თუ ძრავის განახლება.
დაგვიანებული განახლება ხშირად იწვევს პრობლემებს, თუმცა, განახლებების დროსაც სიფრთხილეა საჭირო. არსებობს ვერსიების თავსებადობასთან დაკავშირებული პრობლემები. მნიშვნელოვანი განახლებების დროს სასურველია staging გარემოს გამოყენება.
ხშირად ეს ყველაფერი ვებ დეველოპმენტის მომსახურებაში შედის და თქვენ აღარ მოგიწევთ ამ დეტალებზე ფიქრი.
ერთ-ერთი აუცილებელი დეტალი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის საიტის სარეზერვო ასლების (Backup) ყოველდღიური შენახვა. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პლაგინები ან უმეტესი ჰოსტინგი გაძლევთ შესაბამის ფუნქციას.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, პოპულარობა WordPress-ს ხშირად ჰაკერების შეტევების სამიზნედ აქცევს, მაგრამ თავად პლატფორმა უსაფრთხოა, როდესაც სწორად არის კონფიგურირებული, დროულად ხდება განახლებები და გამოყენებულია სანდო პლაგინები.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სანდო, გამოცდილი და კარგი შეფასების მქონე ჰოსტინგის გამოყენება. ეს უსაფრთხოების დამატებითი და მნიშვნელოვანი ფენაა.
რა თქმა უნდა, ჰაკერული თავდასხმიდან არცერთი პლატფორმა არ არის დაცული, მაგრამ თუ დაიცავთ წესებს, შანსი ძალიან ნაკლები იქნება.
WordPress-ის უპირატესობა ბიზნესისთვის
ბიზნეს ვებსაიტებისთვის ამ პლატფორმას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია. ინტერფეისი არატექნიკური გუნდის წევრებს საშუალებას აძლევს მარტივად გამოაქვეყნონ სტატიები, მართონ სხვადასხვა ფუნქციები და ა.შ.
მისი მოქნილობა თითქმის ყველა ზომისა და ინდუსტრიის ბიზნესს მოერგება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, შესაძლებელია ააწყოთ მარტივი ბიზნეს საიტი, მცირე და საშუალო ზომის ონლაინ მაღაზია, კურსების პლატფორმა, ტურისტული სააგენტოს საიტი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე არის ის, რომ WordPress-ის არქიტექტურაში ჩაშენებულია ძირითადი SEO ფუნქციები და მისი გაფართოება შეიძლება სპეციალური პლაგინებით.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ WordPress შეიძლება არ მოერგოს ყველა ბიზნესს. მაგალითად, თუ საჭიროა კომპლექსური და უნიკალური ფუნქციები, ან საიტის მოცულობა ძალიან დიდია.
პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, WordPress საუკეთესო გადაწყვეტილებაა მცირე და საშუალო მოცულობის, სტანდარტული ფუნქციების მქონე ვებსაიტებისთვის, იქნება ეს ბიზნეს საიტი თუ ონლაინ მაღაზია.
შეჯამება
წლების განმავლობაში, მარტივი ბლოგ პლატფორმიდან, ვორდპრესი იქცა სრულყოფილ პლატფორმად, რომელიც ძალიან მოქნილ და მარტივ გადაწყვეტილებას სთავაზობს მათ, ვისაც ვებსაიტის აწყობა სურს.