როდესაც ახალ საიტს ქმნით, ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა არის – რომელი უცილებელი გევრდები უნდა იყოს მასზე.
არასრული საიტი ქმნის არაპროფესიონალური ბიზნესის შთაბეჭდილებას და როდესაც ვიზიტორი ვერ პოულობს საჭირო ინფორმაციას, ის უბრალოდ გადავა კონკურენტის საიტზე.
ასევე, ეს მნიშვნელოვანია SEO ოპტიმიზაციისთვისაც. Google აფასებს საიტებს სრული სტრუქტურით და საჭირო ინფორმაციით. გარდა ამისა, სრული საიტი პირველივე დღიდან ზრდის ნდობას თქვენი ბრენდის მიმართ.
7 აუცილებელი გვერდი, რომელიც ყველა ვებსაიტს სჭირდება
განვიხილოთ აუცილებელი გვერდები, რომლებიც საჭიროა როგორც ახალი საიტის დამზადებისას, ასევე, მათი დამატება არსებულ საიტზე, თუ ასეთი გვერდები არ არსებობს.
1. მთავარი გვერდი
მთავარი გვერდი არის თქვენი საიტის სახე და პირველი გვერდი, რომელზეც ვიზიტორების უმრავლესობა ხვდება. მან უნდა უპასუხოს სამ ძირითად კითხვას: ვინ ხართ, რას აკეთებთ და რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ.
მთავარ გვერდზე აუცილებელია ოპტიმიზირებული Hero სექცია სათაურით, მოკლე აღწერით და CTA ღილაკით. შემდეგი სექციები უკვე ეთმობა პროდუქტების/სერვისების მოკლე მიმოხილვას, თქვენს შესახებ ინფორმაციას და ა.შ.
ასევე მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე – თანამედროვე დიზაინი, მაღალი ხარისხის სურათები და ლოგიკური სტრუქტურა. ეს გვერდი უნდა იყოს სწრაფი, მობილურზე ადაპტირებული და მარტივი ნავიგაციით.
2. სერვისები/პროდუქტები
სერვისების ან პროდუქტების გვერდი არის ის ადგილი, სადაც თქვენ უშუალოდ ყიდით თქვენს შეთავაზებას. ვიზიტორმა უნდა გაიგოს კონკრეტულად რას სთავაზობთ, როგორ მუშაობთ და რა სარგებელს მიიღებს.
თითოეული სერვისი ან პროდუქტი აღწერეთ გარკვევით, მთავარ სარგებელზე ფოკუსირებით. ასევე, სერვისების შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ფასებიც.
რა თქმა უნდა, გვერდი გაამდიდრეთ სხვადასხვა მედია მასალით, წინა დამკვეთების შეფასებებით, პარტნიორების ლოგოებით და ა.შ.
3. ჩვენს შესახებ
ჩვენს შესახებ გვერდი არის ადგილი სადაც ქმნით ემოციურ კავშირს თქვენს მომხმარებელთან. ადამიანები ყიდულობენ ადამიანებისგან, არა უსახო კომპანიებისგან.
აქ უნდა ისაუბროთ თქვენს მისიაზე, ღირებულებებზე, გუნდზე და იმ ისტორიაზე, თუ რატომ დაიწყეთ ეს ბიზნესი.
სასურველია ტექსტი იყოს პერსონალური და ავთენტური.
ასევე, მნიშვნელოვანია დაამატოთ თქვენი მიღწევები, სერთიფიკატები, ან სტატისტიკა. თუმცა, არ არის საჭირო დიდი მოცულობის ტექსტები – ინფორმაცია უნდა იყოს ლაკონური და ფოკუსირებული.
4. კონტაქტი
ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი გვერდი ყველა ვებსაიტისთვის. თუ პოტენციური კლიენტი ვერ იპოვის საკონტაქტო ინფორმაციას, თქვენ მას დაკარგავთ.
აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ფიზიკური მისამართი (თუ გაქვთ) და სასურველია საკონტაქტო ფორმა პირდაპირ გვერდზე. დაამატეთ Google Maps-ის რუკა თუ გაქვთ ოფისი.
დამატებითი საკონტაქტო არხები, როგორიცაა სოც. ქსელების ბმულები, WhatsApp, Messenger ან სხვა კომუნიკაციის საშუალებები, ასევე უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
5. ბლოგი
ბლოგი არის გრძელვადიანი ინვესტიცია. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება არ იყოს მყისიერად პოპულარული, ის აუცილებელია SEO ოპტიმიზაციისთვის, პროფესიონალიზმის დემონსტრაციისთვის.
თქვენი ბლოგი უნდა იყოს ინდუსტრიის თემატიკაზე ორიენტირებული. შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ინფორმაციული სტატიები, სტატისტიკური შეჯამებები, ე.წ Case Study, ინდუსტრიის სიახლეები და ა.შ.
მნიშვნელოვანია დასაწყისშივე გქონდეთ მინიმუმ 3-5 სტატია. ამის შემდეგ კი შეადგინეთ გეგმა და კვირაში ერთხელ გამოაქვეყნეთ 2-3 სტატია.
6. 404 გვერდი
ვებ დეველოპმენტის დროს, ხშირია შემთხვევა როდესაც არ იქმნება სპეციალური 404 გვერდი. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანი გვერდია მომხმარებლის კარგი გამოცდილებისთვის.
როდესაც მომხმარბელი ხვდება არარსებულ ან წაშლილ გვერდზე, უნდა დახვდეს ოპტიმიზირებული 404 გვერდი. მისი მიზანია შეატყობინოს გაფუჭებული გევრდის შესახებ და შესთავაზოს ალტერნატიული გევრდი.
404 გვერდი ასევე მნიშვნელოვანია SEO-სთვის. სწორად კონფიგურირებული 404 გვერდი ეუბნება Google-ს, რომ თქვენ აკონტროლებთ თქვენს საიტს და ზრუნავთ მომხმარებლების გამოცდილებაზე.
7. ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
FAQ გვერდი არ არის აუცილებელი ყველა საიტისთვის, მაგრამ ის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით თუ კლიენტები ხშირად მსგავს კითხვებს გიგზავნიან.
FAQ-ში უნდა იყოს პრაქტიკული კითხვები როგორიცაა, თქვენი მომსახურების საფასური, რა დროში ემსახურებით, და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. რა თქმა უნდა, პასუხიც უნდა იყოს მკაფიო და რეალური.
კარგად შედგენილი FAQ არა მხოლოდ ამარტივებს კომუნიკაციას, არამედ ზრდის კონვერსიას, რადგან პოტენციურ კლიენტებს აქვთ ყველა საჭირო ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად.
შეჯამება
ახალ საიტზე სწორი გვერდების არსებობა პირველივე დღიდან გადამწყვეტია თქვენი ონლაინ წარმატებისთვის. თუმცა, არ არის აუცილებელი ყველა გვერდი იდეალური იყოს. შექმენით და თანდათან გააუმჯობესეთ მათი შინაარსი.



