მთავარი კითხვა, როდესაც ვებსაიტის შექმნას გადაწყვეტთ, არის თუ რა ჯდება ის და რა იქნება მთლიანი ბიუჯეტი. პასუხი კი ყოველთვის განსხვავებულია.
საიტის ფასი დამოკიდებულია მოთხოვნებზე, კომპლექსურობაზე, ფუნქციებზე და კიდევ სხვა მრავალ ფაქტორზე. ამიტომ, საჭიროა იცოდეთ თუ რა გსურთ ზუსტად, რომ გაიგოთ მიახლოებული ბიუჯეტი.
მთავარი ხარჯი მოდის დიზაინზე და დეველოპმენტზე, თუმცა ღირებულება შეიძლება გაზარდოს საიტის ტექსტის შექმნამ. ზოგი ვებ დეველოპმენტ სააგენტო შეიძლება გთავაზობდეთ სამივეს ერთად.
ეს არის საწყისი და ყველაზე დიდი ხარჯი, თუმცა არსებობს დამატებითი ხარჯები, როგორიცაა დომენი, სერვერი, ტექნიკური მომსახურება და ა.შ. ასევე, დროთა განმავლობაში ახალი ფუნქციების იმპლემენტაცია.
ასევე, ვებსაიტის შექმნის ფასი დამოკიდებულია გამოყენებულ ტექნოლოგიებზე. იქნება ეს მზა პლატფორმა, მზა შაბლონები თუ ნულიდან, ხელით დაწერილი კოდი, ფასები განსხვავებულია.
მაგალითად, WordPress, რომელიც ძალიან პოპულარული და მოქნილი CMS არის, მასზე შექმნილი საიტების ფასი საშუალოდ მერყეობს ₾1000-დან ₾10000-მდე. თუმცა მეტი კომპლექსურობა იწვევს ფასის ზრდას.
ვებსაიტის ფასზე გავლენის მქონე ფაქტორები

პირველ რიგში, მარტივი, ხუთგვერდიანი ვებსაიტის შექმნა გაცილებით ნაკლები ჯდება, ვიდრე კომპლექსური საიტის ათობით გვერდით, მრავალი სექციით და რთული ფუნქციონალით.
და სწორედ ამაზეა დამოკიდებული დიზაინის და ვებ დეველოპმენტის მომსახურების საფასური. გარდა ამისა, ფასს ზრდის თუ დამატებით გსურთ ტექსტების ან მედია მასალის შექმნა თქვენი ვებსაიტისთვის.
დიზაინის ხარჯები
დიზაინი ფოკუსირებულია ვიზუალურ იერსახეზე, მომხმარებლის გამოცდილებასა და ბრენდის პრეზენტაციაზე. ეს მოიცავს მთლიან UI/UX-ის შექმნას – wireframe, ფერთა გამა, ტიპოგრაფია, სტრუქტურა და ა.შ.
ფასის განსაზღვრა რთულია, რადგან ის დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე – მოცულობა, სირთულე, საიტის ტიპი. თუმცა, დაახლოებით იწყება ₾1000-დან და შეიძლება ₾20000-მდე ავიდეს.
დამატებით, თუ ლოგოს შექმნაც გჭირდებათ, ამან ფასი შეიძლება საგრძნობლად გაზარდოს. თუმცა, ბრენდებს ძირითადად აქვთ ლოგოც და მთ₾იანი ბრენდ ბუქი.
დეველოპმენტის ხარჯები
რაც შეეხება დეველოპმენტს, რომელიც დიზაინს გარდაქმნის ვებსაიტად, ფასები აქაც განსხვავდება სირთულის და ფუნქციონალის მიხედვით. თუმცა, როგორც აღვნიშნე, დამოკიდებულია ტექნოლოგიებზეც.
მაგალითად, სააგენტო რომელიც იყენებს WordPress ძრავას, მომსახურების შედარებით ბიუჯეტურ პაკეტს შემოგთავაზებთ ვიდრე სააგენტო, რომელიც ნულიდან წერს კოდს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტექნოლოგიის და პლატფორმის მიუხედავად, ყველა სააგენტო თუ დეველოპერი იყენებს განსხვავებულ მიდგომებს. ამიტომ, ფასები შეიძლება საგრძნობლად განსხვავდებოდეს.
ასევე, თუ სააგენტო თავის პაკეტში მოიცავს დეველოპმენტს და ვებსაიტის დიზაინს, შეიძლება ფასი ოდნავ დაბალი იყოს, ვიდრე სხვადასხვა სააგენტოს გამოყენების შემთხვევაში.
სხვა ხარჯები
დამატებითი ხარჯები შეიძლება იყოს ტექსტური და მედია მასალა, ტექნიკური მხარდაჭერა, ჰოსტინგი და სხვა. მართალია ეს ყოველთვის არ არის საჭირო, თუმცა გასათვალისწინებელია როდესაც ბიუჯეტს ადგენთ.
ბიზნეს საიტისთვის ტექსტების შექმნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. აუცილებელია ის დაწეროს პროფესიონალმა და ამაში თანხის დაზოგვა რეკომენდებული არაა. ასევე, თუ გსურთ თქვენი ვებსაიტი კიდევ უფრო პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, აუცილებელია შესაბამისი მედია მასალის (ფოტო, ვიდეო) შექმნა.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარდაჭერას, ხშირად ბიზნესები უარს ამბობენ ამ მომსახურებაზე ხარჯების შემცირების მიზნით, თუმცა ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს გრძელვადიან ჭრილში.
ამიტომ, თუ სააგენტოს მომსახურებას არ გამოიყენებთ, აუცილებლად გამოყავით შიდა კადრი, რომელიც ჩაიბარებს საიტის ტექნიკურ მხარეს.
მიუხედავად იმისა, რომ საიტის დამზადების ფასის გამოთვლა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, ქვემოთ მოცემულია დაახლოებითი ფასები:
- ლენდინგ გვერდი: ₾800-₾1500
- მარტივი საიტი: ₾2000-₾5000
- რთული საიტი: ₾5000-₾10000
- ონლაინ მაღაზია: ₾10000+
- ყოველთვიური ხარჯი: ₾300-₾800
შეჯამება
იმისათვის რომ გაიგოთ თუ რა ჯდება საიტის შექმნა, გასათვალისწინებელია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიცაა საიტის ტიპი, კომპლექსურობა, ტექნოლოგიები და დამატებითი მომსახურებები. ამ ყველაფრის წინასწარ ცოდნა და გააზრება დაგეხმარებათ ბიუჯეტის სწორ დაგეგმვაში.